თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის მიხედვით, რომელიც წლის ბოლომდე შემუშავდება, მუნიციპალიტეტებში გამგებლის თანამდებობა სავარაუდოდ გაუქმდება.
სტრატეგიაზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს. მინისტრი ზურა ალავიძე ამბობს, რომ მერებისა და გამგებლების ფუნქციებში სხვაობა არ არის, შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეული ხელმძღვანელი სავარაუდოდ იქნება მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია.
“მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს. ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი”, – განაცხადა ალავიძემ.
მინისტრის შეფასებით, სამწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა სისტემის დახვეწის აუცილებლობა, თუმცა დეცენტრალიზაცია რჩება მთავრობის პრიორიტეტად. ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, რომელსაც ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება.
“არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. მერი საკრებულოს წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ”, – აღნიშნა ალავიძემ.
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში მოსალოდნელ ცვლილებებს მერის ინსტიტუტის შესუსტებად და საკრებულოების გაძლიერებად აფასებს. კოტე კანდელაკის აზრით, ხელისუფლებას სურს პირდაპირი წესით არჩეული მერისა და გამგებლის თანამდებობის გაუქმება.
“როგორც ითქვა, მერი საკრებულოს წარუდგენს თავის მოადგილეებსა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს, მაგრამ ვერ დანიშნავს მათ თანამდებობებზე საკრებულოს თანხმობის გარეშე. ისედაც შეკვეცილია მერების უფლებები და ეს იქნება კიდევ უფრო მეტად კონტროლირებადი მექანიზმის შექმნა. გამოდის, რომ იდეაში მათ აქვთ სურვილი, გააუქმნონ პირდაპრი წესით არჩეული მერები და გამგებლები, მაგრამ ამ ეტაპპზე ვერ ხერხდება, თუმცაღა რგოლი სუსტდება”, – განაცხადა კოტე კანდელაკმა.
ექსპერტის აზრით, წლის ბოლომდე თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია უნდა დამტკიცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეთა ჩართულობა და საკითხის საჯარო განხილვები ვერ მოესწრება.
“მაგალითად, გურჯაანის თვითმმართველობას ერქმევა გურჯაანის თვითმმართველი თემი, ხოლო თელავი აღარ იქნება ორად გაყოფილი. გამოდის, რომ პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენებენ. ცენტრალური ხელისუფლებიდან ისედაც იყო კონტროლი და ეხლა უფრო გამარტივდება. ისინი თვლიან, რომ ცენტრალური ხელისუფლება უნდა ნიშნავდეს ადგილობრივ კადრებსაც. რამდენიმე თვეში არჩვენებია და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რას აპირებენ”, – ამბობს კანდელაკი.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, საუბარია გამგებლისთვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს.
“გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში აპრობირებული პრაქტიკა. ცვლილება ინსტიტუტს არ ეხება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას და არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. სწორი იქნება, მხოლოდ ერთი სახელწოდების, ერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: კახეთის ხმა