თელავში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნება

1181

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

საბჭოს შემადგენლობაში შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები შევლენ. საკრებულო ამ ეტაპზე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, მშობლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად საბჭოს დებულებაზე მუშაობს. აღნიშნულ საკითხზე დღეს თელავში, მშობელთა მხარდაჭერის ცენტრის ოფისში იმსჯელეს.

შშმ პირების მშობელთა კავშირ ,,ლამპარის“ წარმომადგენელ ნინო ხუციშვილის განცხადებით, მსგავსი საბჭოს ფუნქციონირება ხელს შეუწყობს სპეციალური საჭიროების მქონე პირების და მათი მშობლების უფლებების დაცვასა და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას.

,,თელავის მერიისა და საკრებულოს წევრებთან ვიმსჯელეთ შშმ პირთა საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამუშავების შესახებ. თუ მუნიციპალიტეტში შეიქმნება შშმ პირთა საბჭოს დებულების დახვეწილი და ეფექტური მექანიზმი, ეს შშმ პირებისა და მათი ოჯახებისთვის იქნება სიკეთის მომტანი.

გარდა ამისა, ჩვენ გავხსენით მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც შშმ პირების საკითხებზე აქტიურად იმუშავებს. ჩვენმა ოფისმა ფუნქციონირება დაიწყო ერთი თვის წინ, ვმუშაობთ სამი მშობელი და ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს ნებისმიერ საკითხზე გავუწიოთ დახმარება.

ჩვენ არ ვართ სპეციალისტები, მაგრამ გავიარეთ 140 საათიანი ტრენინგ- კურსები მაკლეინის ასოციაციის დახმარებით, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის საელჩო. აქედან გამომდინარე, ვიცით როგორ ვმართოთ საკითხები რომელიც ადვოკატირებას აჭიროებს, ასევე გარკვეული ტიპის სპეციფიური საჭიროებები სად და როგორ უნდა მოვაგვაროთ, და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს ჩვენ ვასწავლით ნებისმირ მსურველს’’,- განაცხადა შშმ პირების მშობელთა კავშირ ,,ლამპარის“ წარმომადგენელმა ნინო ხუციშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის თქმით, შშმ პირთა საკითხებზე მუშაობა, მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, უფლებების დაცვა და ამ კუთხით შექმნილი პრობლემების მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა. მისი განმარტებით, სპეციალური საჭიროების პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს ადაპტირებული გარემოს შექმნას.

,,შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნა და ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ შშმ პირთა საჭიროებები, მათი უფლებების დაცვა, ადაპტირებული და კომფორტული გარემოს შექმნა ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საზრუნავია. ჩვენ, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, უნდა ვიყოთ მეტად მომზადებულიები ამ კუთხით, შევქმნათ უკეთესი ადაპტირებული გარემო და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ პროცესს. საბჭოს შექმნას მივესალმებით, ახლა მიმდინარეობს საბჭოს დებულების შემუშავების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ დებულება დროულად შემუშავდება, შეიკრიბება საბჭო, ვიმსჯელებთ მნიშვნელოვან საკითხებზე, შემუშავდება სტრატეგია და პრობლემებს და საჭიროებებს ბიუჯეტში გავითვალისწინებთ‘’,- აღნიშნა არჩილ თხლაშიძემ.