საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ერთადერთი სკოლა ინგრევა (ფოტო)

958

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქერეს სკოლა ინგრევა. შენობის კედლები დაბზარულია და, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ამბობს,  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იქ სასწავლო პროცესის განახლება დაუშვებელია. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

სკოლის დირექტორი შოთა ფინდიშვილი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ თუ სკოლის შენობა დროულად არ შეკეთდა, შესაძლოა, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს.

„დასკვნა მაქვს სამხარაულის საექსპერტო ბიუროსგან, რომ სკოლა აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეგეც კი მითხრეს, რომ საშიშია და შეიძლება, რაღაცა მოხდეს. არ არის გამორიცხული, უბედური შემთხვევის შემსწრეც გავხდეთ“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ ადგილობრივებიც. მოსახლეობა ამბობს, რომ შენობაში წვიმის დროს წყალი ჩადის, დაბზარულია კედლები და იქ არსებული პირობები მოსწავლეებზეც უარყოფითად აისახება.

ქერელები მომავალ წელს სკოლაში შვილების გაგზავნას აღარ აპირებენ და ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, სკოლა დახურვის საფრთხის წინაშე დააყენოს.

„მომავალ წელს სკოლაში ბავშვებს აღარ გავუშვებთ. ჩვენი შვილების საფრთხეში არიან და წლებია ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენი სკოლა დღითიდღე ინგრევა და პატრონი არავინ არ არის, რომ შეაკეთონ“, – ამბობს ნინა კოლოტაშვილი.

სოფელში განათლების სამინისტროც გააკრიტიკეს. მოსახლეობამ უწყება უყურადღებობაში დაადანაშაულა. მათი განცხადებით, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურმა შეცდომა დაუშვა, რადგან სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა და პროცესი უკონტროლოდ დატოვა.

„განათლების სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა სკოლის შენობების მოწესრიგება, მაგრამ არაფერი არ იცვლება და ამას არავინ არ აკონტროლებს. ძალიან გთხოვთ, მოგვაქციოთ ყურადღება და სოფელს ერთადერთი სკოლის გარეშე ნუ დატოვებთ“,  – ამბობს ეთერი ელიკაშვილი.

ქერელების პროტესტტს პასუხობენ გორის მერიაში. მერის მოადგილის განცხადებით, ქერეში მდებარე სკოლა სარეაბილიტაციო გრაფიკში განათლების სამინისტროს უზის და ის შეაკეთებს.

„ჯერჯერობით, როგორ მეუბნებიან, ქერეს სკოლა სარეაბილიტაციო გრაფიკში განათლების სამინისტროს უზის და შენობას ისინი შეაკეთებენ“, – ამბობს გელა კაპანაძე.

ქერეში, სკოლის შეკეთებას მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს და შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართეს.