თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ საჭიროა შეიქმნას ისეთი ინსტიტუცია, რომელიც გააკონტროლებს ქალაქის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას გენგეგმის პრინციპებთან. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„თავისთავად გენგეგმა არის ნორმალური. თუმცა გენგეგმა და მისი დამტკიცება არის ნახევარი საქმე. არავინ უნდა მოტყუვდეს, რომ გენგეგმას რომ დავამტკიცებთ, მეორე დღიდან გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში ვიცხოვრებთ. დოკუმენტი თავისთავად ვერაფერს შეცვლის, თუ არ იქნა ერთი მხრივ, ნება ქალაქის ხელმძღვანელობისგან, რომ პრინციპები, რაც ამ დოკუმენტშია დაცული, რეალობად იქცეს.
ჩემი აზრით, თუ კალაძეს ნამდვილად უნდა ქალაქი განვითარდეს ამ გენგეგმის მიხედვით, რაშიც მე პირადად ცოტა ეჭვი მეპარება, მაშინ საჭიროა შეიქმნას ისეთი ინსტიტუცია, რომელიც გააკონტროლებს ქალაქის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას გენგეგმის პრინციპებთან. კარგი იქნება, თუ მაგალითად ამ გენგეგმის ავტორების ბაზაზე გაკეთდება ეს.
შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ამ გენგეგმას მიიღებენ, შემოდებენ თაროზე და საქმეები გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე კეთდებოდა. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი დოკუმენტი 2015 წლიდან, კერძოდ, თბილისში გარემოს დაცვის სტრატეგია, რომელიც თაროზე დევს და კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია,“ -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა და როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,თბილისის მერიამ გენგეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.
ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.