კახა კუჭავა: მისასალმებელია, რომ თბილისს მალე ექნება ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი

814

თბილისის გენგეგმას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეხმიანება. კუჭავას თქმით, მისასალმებელია, რომ მიღწეულია საბოლოო შეთანხმება და თბილისს მალე ექნება ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გენგეგმის სახით.

„სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ გენგეგმის ძირითად კონცეფციაზე ყველა თანხმდება. აღსანიშნავია, რომ გენგეგმით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებს. იგეგმება თბილისის გარემოს დაცვითი სტრატეგიის შემუშავება, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება: ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გამართვა, მტკვრის დაბინძურების პრევენციის და ნარჩენების მართვის მუნიციპალური სტრატეგია და სარეკრეაციო სივრცეების განვითარება.

ჩვენ ვქმნით მწვანე, შეკავშირებულ, კომპაქტურ და მდგრად ქალაქს. წარმოდგენილი გენგეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დედაქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს და მას მუდმივად ესაჭიროება დახვეწა, განახლება და პოტენციურ გამოწვევებთან ადაპტირება. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გენგეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების შედეგად თბილისი მალე გახდება სიცოცხლით სავსე და რაც მთავარია, გაცილებით სუფთა ქალაქი”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა და მერია გენგეგმას საკრებულოს დასამტკიცებლად უგზავნის.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ კი განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს კომისიები დედაქალაქის გენერალურ გეგმას დაინტერესებული პირებისა და სპეციალისტების ჩართულობით განიხილავენ. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით ორ ინიციატივას დააყენებს, რომელიც მშენებლობის კოეფიციენტების გაყიდვისა და სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის გამკაცრებას ითვალისწინებს. 

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.