თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს კომისიები დედაქალაქის გენერალურ გეგმას დაინტერესებული პირებისა და სპეციალისტების ჩართულობით განიხილავენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის მერიასა და გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს“ შორის მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. მისივე განცხადებით, გენგეგმის მიზანია, არ იყოს თბილისში ქაოტური მშენებლობები და დედაქალაქის განვითარება მოხდეს მიზანმიმართულად გენგეგმის მიხედვით.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამ მომენტისთვის ვერ დააკონკრეტა, თუ როდის დაამტკიცებს გენგეგმას საკრებულო, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით, თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა და მერია გენგეგმას საკრებულოს დასამტკიცებლად უგზავნის.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.