საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, რომ ცალ-ცალკე თვითმმართველები ჰყავდეს – გუგული მაღრაძე

954

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის თქმით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა უნდა შემცირდეს. “ქართული ოცნების” მიერ თავის დროზე განხორციელებულმა რეფორმამ არ გაამართლა. გუგული მაღრაძე ამბობს, რომ საზოგადოების პროტესტს და მოთხოვნას იმ შემთხვევაში გაითვალისწინებენ, თუ ამასთან დაკავშირებით დასაბუთებული არგუმენტი ექნებათ.
“ვფიქრობ, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა უნდა შემცირდეს. თუ მოსახლეობა ამის წინააღმდეგია, მაშინ დაგვიდასტურონ, ამით რა უპირატესობა მიიღეს. ასეთი რაიმე ლოგიკური დასაბუთება თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით არ არის. უბრალოდ, როგორც ზუგდიდის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ ქალაქის მოსახლეობას ძალიან ეწყინება, თუ ქალაქს სტატუსი გაუუქმდება. მარტო წყენაზე საუბარი ხომ არ იქნება. ძალიან ხშირად ბევრ რაიონში გვერდიგვერდ არიან რაიონის და ქალაქის წარმომადგენლები და ამან დუბლირება გამოიწვია. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, რომ ცალკ-ცალკე თვითმმართველები ჰყავდეს. თუკი ბიუჯეტი მოგვცემს ამის საშუალებას და ადგილობრივ მთავრობას თავისი შემოსავალი ექნება, მაშინ შეიძლება ამაზე დაფიქრება. ზოგადად, ჩემი აზრით, მართვის აპარატი მცირე უნდა იყოს, ოღონდ არა იმდენად მცირე, რომ მართვაში ხელი ეშლებოდეს.
პატივს ვცემთ ხალხის აზრს, ვცდილობთ, ბევრ რაღაცაზე მათი აზრი გავითვალისწინოთ, მაგრამ ყოველთვის არ ფიქრობენ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ხშირად ინდივიდუალურად გამოთქვამენ აზრებს საკუთარი თვალთახედვიდან. პოლიტიკოსებს კი მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და ზოგჯერ ვერ გაითვალისწინებენ ხალხის აზრს, თუ ის დასაბუთებული არ არის და რაიმე უკეთეს ვარიანტს არ გვთავაზობენ. ჯერჯერობით საქართველოში არ არის მომწიფებული ისეთი სიტუაცია, რომ ამდენი თვითმმართველი ქალაქი გვქონდეს. მერე ვნახოთ, რა მოხდება. რაიონის გამგებელი, ქალაქის მერი, გუბერნატორი – ძალიან ბევრი მმართველობითი სტრუქტურა ხომ არ არის პატარა ქალაქისთვის? უფრო თავმოყრილი იქნება სახსრები ერთი უწყების ხელში და მე მგონი, უფრო გონივრულად გადანაწილდება. სახსრები არც ისე ბევრია, მაგრამ პრიორიტეტები განისაზღვრება”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

წყარო: რეზონანსი