რა მოჰყვა თვითმმართველობის საქმეებში მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევას

827

გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. პროცედურის თანახმად, საკრებულოს სხდომამდე მმართველ ფრაქციას სხდომა უნდა ჩაეტარებინა, კანდიდატი შეერჩია და, შესაბამისად, ბიუროზე  წარედგინა.

თუმცა, ფრაქციის სხდომა არ გამართულა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ზვიად მამალაძემ განმარტა, ამის მიზეზი  ის გახდა, რომ კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა.

იგივე ითქვა ბიუროს სხდომაზე, რასაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

_ საკრებულოს ბოლო სხდომაზე, ბიუჯეტის ანგარიშის შესრულება მოვისმინეთ, თუმცა, მას არ ახლდა სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნა, რადგან კომისიის სხდომა ვერ ჩატარდა _ ჩაიშალა. ეს იმ დროს, როცა ა(ა)იპ-ებში ხელფასების შემცირება მიმდინარეობდა, სოციალური პროექტების განხილვა იყო. ახლა წარმოდგენილია პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელიც პირველ რიგში ამ კომისიის განსახილველია, მაგრამ კომისიას ისევ არ ჰყავს თავმჯდომარე და შესაბამისად, საკითხებიც ჩავარდა. სოციალური სფერო ზედამხედველობის გარეშეა დარჩენილი და ამით საქმე ფუჭდება, ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია არჩევნები. გვაქვს არგუმენტი,  რომ ფრაქცია ვერ ჩამოყალიბდა და ეს შველის საქმეს? _ თქვა ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარემ ირაკლი ახობაძემ. ახობაძის კომენტარს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა არ შეფერხებულა:

_ როდესაც საკრებულოში ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შემოვიდა, ფუნქციები სხვადასხვა კომისიებზე გადანაწილდა და შესაბამისად, არც ერთი სფერო არ დარჩენილა განხილვის გარეშე. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის არჩევას, გვაქვს დღეს ეს რეალობა, რომ ფრაქციამ კანდიდატი ვერ შეარჩია და მხოლოდ ამის გამო, გთხოვთ, ამ საკითხის რამდენიმე დღით გადადებას. ვატყობთ, რომ უხერხული სიტუაციაა და გამოსავალი უნდა ვნახო. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ პიროვნული გადაწყვეტილების მიღება მიწევს, _ განაცხადა ზაალ მამალაძემ.

ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე გოჩა ჯიქია დაინტერესდა, ვინ შექმნა ეს უხერხულობა და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი, რაზეც განმარტებები ზვიად მამალაძემ გააკეთა:

_ არავინაა დამნაშავე ამ საქმეში და აქ დანაშაულიც არ არსებობს.  არაა ჩამოყალიბებული მმართველი ფრაქცია კანდიდატზე და აქედან გამომდინარე, წევრები და ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს ითვალისწინებენ, მხარს ვუჭერთ ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, _ აღნიშნა ზვიად მამალაძემ.

გოჩა ჯიქიამ კონკრეტულად ზვიად მამალაძე დაადანაშაულა ამ პრობლემის შექმნაში და აღნიშნა, რომ ეს არაა გუნდური პრინციპით მუშაობა:

_ დაჭამეთ ერთმანეთი  და არ არის დანაშაულიო, ამბობთ. ეს არც გუნდურობაა და არც მუშაობა. სასაცილოდ აიგდეთ ყველაფერი. “გურია ნიუსში” ამდენი ხანია იბეჭდება ის, რაც ხდება. ყველამ გაიგო, რომ 4 თვეა, ფრაქციამ კანდიდატი ვერ შეარჩია და ამის მერე კიდევ რაზე საუბრობთ? ეს არ ყოფილა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი, ამისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, _ აღნიშნა ჯიქიამ, რაზეც ზვიად მამალაძემ უპასუხა, რომ მას “ქართული ოცნების” სახელით საუბრის უფლება არ ჰქონდა.

_ მე არ მაქვს “ქართული ოცნების” სახელით საუბრის უფლება? შეგრცხვეს მაინც _ სად იყავი მაშინ შენ საერთოდ?! _ ჰკითხა ზვიად მამალაძეს ჯიქიამ, რომელიც 2012 წელს კოალიცია “ქართული ოცნების”  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.

_ არ იცი, სად ვიყავი? შენ სად იყავი მაშინ? _ შეეპასუხა მამალაძე, რამაც დაპირისპირება გაამწვავა და მათი გაშველებაც გახდა საჭირო.

_ ვერ დაალაგე სიტუაცია და ერთმანეთს ჭამთ. ესაა რეალობა, რაზეც ბევრი შეკითხვაა, ერთ-ერთი კი ისაა, თუ რატომ ვერ ჩამოყალიბდით 4 თვის განმავლობაში. “ქართული ოცნება” ჩემი ნაწილია და მე მაქვს ამაზე საუბრის უფლება სხვებზე მეტად, _  მიმართა ჯიქიამ მამალაძეს.

დეპუტატებს შორის საკმაოდ დაძაბული სიტუაციის განმუხტვა საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა და აღნიშნა, რომ იმაზე საუბარი, “ვიღაც 2012-იანია, ვიღაც _ 2014-იანი, არასწორია და მოსახლეობამ ყველას ისტორია კარგად იცის”:

_ ყველამ კარგად იცის, ვინ რას აკეთებდა. ისიც იციან, ვის რა სახელი ერქვა და ვინ როგორ იქცეოდა,  მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, _ აღნიშნა ზაალ მამალაძემ.

საკითხის განხილვას ზვიად მამალაძეს და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს დიმიტრი კორიფაძეს შორისაც მოჰყვა დაპირისპირება:

_ ძალიან დიდ პატივს ვცემ საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგრამ არ შემიძლია ეს არ ვთქვა _ როგორც ჩანს, დროს იმისთვის წელავთ, რომ ადამიანები გადმოიბიროთ თქვენთვის სასურველი ადამიანის მხარდასაჭერად. ამის ეჭვი ნამდვილად მაქვს, _ აღნიშნა დიმიტრი კორიფაძემ, რომელიც ზვიად მამალაძემ არასწორი დასკვნების გაკეთებაში დაადანაშაულა და ტონის დაწევისკენ მოუწოდა.

_ სასაცილოა თქვენი არგუმენტები.  მედიიდან ვიგებთ, რომ ერთ კანდიდატს ნინო წილოსანი უჭერს მხარს, მეორის შესახებ სხვა ამბავი გვესმის. რა გახდა ამხელა ფრაქციაში ერთი ადამიანის შერჩევა?! თუკი იმის შიშია, რომ “რესპუბლიკელების” კანდიდატი, დავით ტყეშელიაძე მოუგებს თქვენს კანდიდატს და ამის გამო საყვედურს მიიღებთ, ეგ სხვაა, _ აღნიშნა კორიფაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის ამ რეპლიკაზე გოჩა ჯიქიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ტყეშელიაძემ ფრაქცია დატოვა და შესაბამისად, ის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია.

ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება ზვიად მამალაძეს და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, მმართველი ფრაქციის წევრ დავით გუდავაძეს შორისაც მოხდა. გუდავაძეს კითხვის დასმა სურდა და კოლეგებს მოუწოდა საკითხი მშვიდ ვითარებაში და ხმადაბალ ტონზე განეხილათ:

_ გთხოვთ, თავი შეიკავეთ და დამასმევინეთ  შეკითხვა, _ ითხოვა დავით გუდავაძემ, რაზეც ზვიად მამალაძე გაღიზიანდა:

_ რაზე უნდა შევიკავო თავი?! ეს მე როგორ უნდა მითხრა?! _ თქვა მამალაძემ და გუდავაძეს მიუთითა, რომ მას ასე არ უნდა ესაუბროს.

_ ყველას ვეუბნები მე ამას და ვერ გავიგე, რა გინდა, ზვიად? აღელვებული ხარ, გეტყობა, _ მიმართა გუდავაძემ მამალაძეს, რაზეც ეს უკანასკნელი დაეთანხმა, თუმცა, აღნიშნა, რომ მისი გაჩერების უფლება გუდავაძეს არ ჰქონდა.

_ რამე არ შეგეშალოს შენ! _ მიმართა გუდავაძემ ზვიად მამალაძეს და ბიუროს სხდომა დატოვა, სადაც ინციდენტები ამით მაინც არ ამოწურულა.

საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა იმის გარკვევა, უნდა გადადებულიყო თუ არა საკრებულოს სხდომა:

_ როცა ბატონი დავით შარაშიძე  გარდაიცვალა, იმავე დღეს, ორ საათში მოვიდნენ ჩემთან _  კომისიის თავმჯდომარეობა გვინდაო. ის ადამიანები საკრებულოს თავმჯდომარესთანაც იყვნენ მისულები და კარგად მახსოვს, ზაალმა უსაყვედურა: ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ თბილია და ამაზე ფიქრიც კი სირცხვილიაო. ამის შემდეგ მოდის ეს გარჩევები და საქმის “ჩაწყობები”. უბრალოდ, სირცხვილია ეს ყველაფერი.  4 თვეა გასული და ისევ ეს პრობლემა დგას.  გასაგებია, რომ არ არის ჩამოყალიბებული ფრაქცია კანდიდატზე, მაგრამ ასე სადამდე უნდა გაგრძელდეს?! მთელი ჩოხატაური ამაზე ლაპარაკობს და ყველა კუთხეში დაპირისპირებაა ამის გამო. ამდენი  წელია საკრებულოში ვმუშაობ და ასეთი არაფერი მინახავს, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ სიხარულიძემ, რომელსაც სიტყვა საკრებულოს საფინანსო კომისიის  თავმჯდომარემ მაია პაიჭაძემ შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ “ასეთი დრამატიზება საჭირო არაა”.

_ ეს დრამატიზება კი არა, სირცხვილია, ყველას სირცხვილი. კომისიის თავმჯდომარის არჩევა გახდა პრობლემა, რაც ერთი წუთის საქმეა _ განიხილავდით ფრაქციაში ორივე  კანდიდატურას, აირჩევდით ერთს და დამთავრდებოდა. საკრებულოს წევრი ვარ, მოდის ხალხი და კითხვებს მისვამს, მე კი პასუხი არ მაქვს და უხერხულობაში ვვარდები. ელემენტარული თავმოყვარეობის ამბავია, _ აღნიშნა სიხარულიძემ, რომლის თქმით, ის თავიდანვე არ იყო მომხრე, ეს საკითხი რიგგარეშე სხდომაზე გაეტანათ.

_ მე გთავაზობთ, რომ ეს საკითხი დავაყენოთ რიგით სხდომაზე, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა მანამდე ფრაქცია ჩამოყალიბებული. ვინც იქნება კანდიდატი, იმას ვუყაროთ კენჭი, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რაზეც ბიუროს სხდომაზე მყოფთა უმრავლესობა დაეთანხმა.

თუმცა, რეპლიკა გააკეთა მაია პაიჭაძემ, რომლის თქმით, “ქართულ ოცნებას” არ ჰყავს ის გუნდი, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს: “უბრალოდ, სამუშაო პროცესი გახანგრძლივდა”.

_ გადაწყვეტილების მიღება კი ეტყობა ამ საქმეს! თვითმმართველობის წარმომადგენლები ზევიდან მიღებულ დირექტივებს ემორჩილებით და სულ არ გადარდებთ, რომ ამით საქმე ფუჭდება. ეს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება კი არა, თვითმმართველობაში მაჟორიტარი დეპუტატის _ წილოსანის ჩარევის შედეგია, _ აღნიშნეს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ადასტურებენ პირად საუბრებში, თუმცა ღიად, ამის დაფიქსირებას ერიდებიან.

_ იმდენი მოახერხეს ზევიდან, რომ “ქართული ოცნების” წევრებს და მათ მხარდამჭერებს ერთმანეთი დააჭმევინეს. ასეთი რამ ამ საკრებულოს არ ახსოვს. მმართველმა ფრაქციამ სიტუაციის კონტროლი ვერ შეძლო, რის შედეგიც ისაა, რომ დაგვცინიან, _ გვითხრა ერთ-ერთმა დეპუტატმა მას შემდეგ, რაც “ოცნების” წევრების დაპირისპირების დროს “ნაციონალი” კორიფაძის ჟესტი დაინახა, რომელიც კოლეგების ჩხუბის პარალელურად გულზე ხელს იცემდა და “კარგია, კარგიაო”, იძახდა.

საბოლოოდ, ბიუროს წევრების უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა და საკითხი შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. საწინააღმდეგო პოზიცია მხოლოდ ირაკლი ახობაძემ და დიმიტრი კორიფაძემ დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე არ გამორიცხა კომისიის ხელმძღვანელის არჩევა ამ მოწვევის საკრებულოში საერთოდ აღარ მოხდეს და თავმჯდომარის ფუნქციები  მოვალეობის შემსრულებელს დაეკისროს, რომელიც ამჟამად კომისიის უხუცესი წევრია და კომისიის მუშაობას ამჟამადაც უსასყიდლოდ უძღვება.

წყარო: გურიანიუსი