ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს მოძრაობა აეკრძალა

684

წინა სტატია

2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, 858 სატრანსპორტო საშუალებას კი გადაადგილება აეკრძალა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შალვა ურიადმყოფელის თქმით, იმ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან, ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა.

„უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ტექნიკური ინსპექტირების შედეგებზე სტატისტიკურ მონაცემებს. მათ შორის არის ტრანსპორტი, რომელიც სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებს.

“აღსანიშნავია, რომ წინასწარ რა ინფორმაციაც მაქვს, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეული რაოდენობა იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან,“ – აღნიშნა ურიადმყოფელმა.

ამასთან, რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექინსპექტირების გავლისას დახარვეზდა; 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაიარა; 257 კი განმეორებით დახარვეზდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.