საკურორტო სოფელ ბოშურში სასმელი წყლის ავზი დაზიანებულია. 24-ტონიან რეზერვუარში დაგროვებული წყალი ნაწილობრივ იღვრება. ავზში ბუნებრივი წყლები გროვდება და შემდეგ მოსახლეობამდე თვითდინებით მიდის. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
,,ფაქტობრივად, მოსახლეობამდე მხოლოდ ნახევარი წყალი მიდის, ნახევარი იღვრება. ეს საკმაოდ მოძველებული ავზია და მის გამოცვლას აპირებს მერია” – ამბობს კახა თინიკაშვილი, წარმომადგენელი გორის საკრებულოში.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ ახალ ავზს უახლოეს დღეებში შეიძენენ და მოსახლეობის პრობლემა მოგვარდება.
ბოშური მდინარე ტანას ხეობაში ზღვის დონიდან 1220 მ სიმაღლეზე მდებარეობს. გორიდან მანძილი 28 კმ-ია. სოფელში რამდენიმე კომლი ცხოვრობს.