ბათუმის პლაჟი შშმ პირებისთვის ნაწილობრივ ადაპტირდა (ფოტო)

1467

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 41 ათას 902 ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ბათუმის პლაჟების ნაწილი, შშმ პირებისთვის, ნაწილობრივ ადაპტირებული გამხდარიყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

8 კილომეტრიან მონაკვეთზე, სულ ხუთი ხის ბილიკი გაკეთდა, რომლის სიგრძე 80 მეტრი, ხოლო სიგანე 120სმ. ადგილები, სადაც შშმ პირებს, სანაპირომდე ჩასვლა შეეძლებათ განლაგებულია დ. თავდადებულის და  პ. მელიქიშვილის ქუჩების მოპირდაპირედ. ასევე, დელფინარიუმის, სასტუმრო კოლიზეუმის და რესტორან აჭარული სახლის გასწვრივ.

როგორც ბათუმის ბულვარში განმარტავენ, ბილიკები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “როდა“-მ გააკეთა, მაქსიმალურად არის დაშვებული სანაპირო ზოლთან. ნაპირამდე ბილიკის გაგრძელება (ზღვამდე, რამდენიმე მეტრში წყდება ბილიკი)  კი სახიფათოდ მიიჩნიეს, რადგან ზღვის სანაპირო ძალიან დაქანებულია და შესაძლოა, ეტლით მოსარგებლეს გაუჭირდეს დამოუკიდებლად ეტლის გაჩერება, ან უკან სიმაღლეზე ამოსვლა.

დღესვე, ადაპტირებული ბილიკები შეამოწმეს შშმ პირებმაც, მათ ბულვარის ადამინისტრაციასთან შეხვედრა გამართეს და საჭიროებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ აუცილებელია მთელი პლაჟის ადაპტირება მოხდეს. ასევე, ბულვარის ადმინისტრაციის მხრიდან, გამოითქვა მზაობა, სამომავლოდ, წყალში შეჭრილი პანდუსი გაკეთდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ლოკაციაზეა საუბარი.

“ეს იდეა დამუშავების პროცესშია, თუმცა ამ საკითხზე ვმუშაობთ და ვისაუბრეთ კიდეც შშმ პირებთან შეხვედრაზე”.

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებებს ​ მოიჯარეებთანაც აწარმოებენ. ადმინისტრაციას სურს, რომ პლაჟზე მოწყობილ ობიექტებთან, კერძო პირებმა ხის ბილიკები პლაჟებამდე მაქსიმალურად ჩაიყვანონ.