ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას რუსული პროპაგანდის გავრცელების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. საუბარია 30 ივნისს ბათუმში გამართულ ფესტივალზე “21-ე საუკუნის ბავშვები”. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ასმათ დიასამიძის განცხადებით, პროექტი რუსეთშია დაფუძნებული და მისი ძირითადი მიმართულება რუსული პროპაგანდის გავრცელებაა, ამასთან ოპოზიციის ინფორმაციით, პროექტის მხარდამჭერები არიან “საბჭოთა კავშირის გმირების კლუბი” რუსეთის ფედერაციის გმირები, მოსკოვის დიდების ორდენის კავალერები და რუსეთის კულტურის სამინისტრო.
ასმათ დიასამიძის განმარტებით, საერთაშორისო ფესტივალი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, შეკრებილებს აჭარის განათლების მინისტრი რუსულად მიესალმა, რაც დაუშვებელია.
აჭარის განათლების სამინისტროში ოპოზიციის ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მინისტრი ფესტივალის მონაწილეებს ქართულ ენაზე მიესალმა, და მხოლოდ ორგანიზატორებს გადაუხადა მადლობა რუსულ ენაზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის უკან რუსეთი არ დგას, და მისი ორგანიზატორი საქართველოში დაფუძნებული კომპანია ”ჯეო სტუმარია”. უწყების ინფორმაციით, ფესტივალი მესამედ ჩატარდა და მონაწილე შვიდ ქვეყანას შორის რუსეთიცაა.
ფესტივალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. დეპუტატის თქმით, ოკუპაციის დროს რუსულ ენაზე გამართული ღონისძიება მისაღები არ არის.