ქუთაისში სამშენებლო კოეფიციენტი იცვლება. ქუთაისის მერიის, არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, განაშენიანებისა და რეგულირების ახალი წესების შესაბამისად, ქალაქის ცენტრში შეუსაბამოდ მაღალი შენობები ვეღარ აშენდება. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
“2004 წლიდან ქუთაისში სამშენებლო კოეფიციენტი ხელოვნურად არის გაზრდილი, ამიტომ მივიღეთ მაღალი შენობები, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ უნდა იყოს. ქალაქი უსახური შენობებისაგან რომ გადავარჩინოთ, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მუშავდება რეგულაციები. ახალი წესები ასევე გულისხმობს ფუნქციური ზონების დადგენას და მათთვის შესაბამისი კოეფიციენტების მინიჭებას,”-განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.
ჩხიკვაძის თქმით, იზრდება გამწვანების კოეფიციენტი. კერძოდ, თუ აქამდე იყო 0.1, ახლა 0.3 გახდება, შედეგად მივიღებთ შენობებს, რომელსაც ექნება რეკრიაციული ზონა, მისასვლელი და პარკინგის ადგილი.
ტერიტორიებისა და განაშენიანების წესის განხილვა ქალაქის საკრებულოს სხდომაზე მოხდება.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აგებული შენობების სიმაღლე უკვე გახდა უკმაყოფილების მიზეზი.