თბილისის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიას ახალ ლურჯ ავტობუსებთან დაკავშირებით აკრიტიკებს. კერძოდ, ხაბეიშვილის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების ნაცვლად, მერიას დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოყავს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“ჯერ ბაზრის კვლევა ჩაატარეს, რაშიც თანხა დახარჯეს და თქვეს, რომ 45 მილიონად 100 ავტობუსს ვიყიდითო, თუმცა, ეს ტენდერი ჩაუვარდათ. შემდეგ, თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, 100 ავტობუსს ვეღარ ვიყიდით, 90-ს ვიყიდითო. თუმცა, ორი დღის წინ, ეს ტენდერიც ჩავარდა. ამბობდნენ, ჩვენ ეკოლოგურად სუფთა ავტობუსებს შემოვიყვანთო, ეს დედაქალაქში ეკოლოგიის მიმართულებით საფრთხეს არ შექმნისო, თუმცა, ვნახეთ, რომ დიზელზე შემოჰყავთ. ეს არ გაუპროტესტებია უმრავლესობას. რაღაც სხვა სიგრძის ავტობუსი შემოგვყავს და ვერ იქნება ან გაზზე ან ეკოლოგიურად სუფთაო. აქ რამდენიმე პრობლემაა. დედაქალაქის მერი რომ იტყვის 100 ავტობუსი გვეყოლება წლის ბოლომდეო და შემდეგ, რამდენჯერმე უვარდებათ ტენდერი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტენდერიდან ტენდერამდე 10 ავტობუსი ფაქტობრივად დაკარგეს ერთსა და იმავე თანხაში. უკაცრავად, მაგრამ გვაქვს შეკითხვები”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისში, დამატებით ახალი ლურჯი ავტობუსების ტენდერი ჩაიშალა, ახალი ტენდერი კი დაახლოებით 10 დღეში გამოცხადდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტობუსების ძრავი დიზელის საწვავზე მომუშავე, არანაკლებ Euro VI ემისიის სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს.
საკრებულოს ოპოზიციურმა წევრმა თბილისის მერია დედაქალაქში მიწისქვეშა პარკირებაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვასა და ღამის ეკონომიკის გამოც აკრიტიკებს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძეს ჩაუვარდა ეს პროექტები და ურჩევს, რომ დაფიქრდეს ამის გამო.
“გვახარეს, რომ თბილისში ახალი საპარკინგე ადგილები იქნებაო. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ ახალ საპარკინგე ადგილებს დედაქალაქის თვითმმართველობა თავად თუ შექმნის, თორემ მათ მიერ წარმოდგენილი ინიციატივის შეთავაზება ბიზნესისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია, თუ ბიძინა ივანიშვილი არ არის.
50 კაცზე რომ პარკინგი მოაწყოს, ბიძინა ივანიშვილს საკუთრებაში მისცეს ქონება ლარად. როდესაც სასტუმროს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, პარკირება მინდა, თან საკუთრებაში თუ მაძლევს 1 ლარად. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზნესმენებს სთავაზობენ ცარიელ ადგილს, არაფერი ბიზნესი რომ არა აქვთ იქ და ეუბნებიან, რომ პარკინგი მოაწყვე, ოღონდ საკუთრებაში ვერ მოგცემთო. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოაწყო პარკინგი და დაარღვია პირობა, ჯარიმა 100 ლარი დაეკისრება,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.