გოკა გაბაშვილი: თბილისის მერია ხელშეწყობის ნაცვლად, გარე კაფეებს გაუგებარ პრობლემებს უქმნის

933

თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი თბილისში არსებულ გარე კაფეების მფლობელებს შეხვდა და იმ პრობლემებზე ესაუბრა, რაც მათ ექმნებათ. გოკა გაბაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის მერიამ გარე კაფეებს ხელი შეუწყოს, გაუგებარ პრობლემებს უქმნის. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ქალაქის მერია გარე კაფეებს გაუგებარ პრობლემებს უქმნის აბრებთან, წარწერებთან, საკუთარი მენიუების მაგიდაზე დადებასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ იყოს თანამშრომლობის ვითარება, არის ზედამხედველობის საშუალებით მუდმივად მათთვის ხელის შეშლა. გამოვიდეს მერია და გარკვევით თქვას, რა პრობლემებია და რისი დარეგულირება უნდა იმისათვის, რომ ერთ დღეს ერთი პრობლემა არ იყოს და მეორე დღეს – მეორე. ეს ადამიანები ქმნიან სწორედ თბილისის ტურისტულ გარემოს და მათ ხელის შეშლის ნაცვლად დახმარება სჭირდებათ,“ – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე კაფეების მფლობელებმა აღნიშნეს, ისინი მოითხოვენ, რომ მერიამ ერთიანი ჩამოყალიბებული წესები შეიმუშაოს გარე კაფეების მუშაობასთან დაკავშირებით. მათი თქმით, მერიის თანამშრომლებისგან გარკვეული სახის აკრძალვებზე განსხვავებულ ინფორმაციას იღებენ.

“პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ერთ დღეს მოდის მერიის ერთი თანამშრომელი და გვეუბნება, რომ გარეთ აბრებისთვის, სადაც არის მენიუს ჩამონათვალი, შოუ პროგრამა და ა.შ გვჭირდება ნებართვა. კარგით ეს გავიგეთ, მაგრამ მეორე დღეს მოდის სხვა თანამშრომელი და გვეუბნება, რომ აღარ იძლევიან აბრებზე ნებართვებს და თუ კიდევ ვნახავთ, დაგაჯარიმებთო. ასევე მოგვახსნევინეს შუშაზე მიკრული რესტორნის დასახელების სტიკერი. ჩვენ გვინდა, რომ ოფიციალურად დაიწეროს რა შეიძლება და რა – არა. საუბარი იყო ასევე, რომ გარეთ მაგიდებიც უნდა ავიღოთ. მოგეხსენებათ, დარბაზში მოწევა აკრძალულია და გარეთ მაგიდები თუ ავიღეთ, როგორ აისახება ეს ჩვენს მუშაობაზე?”- განაცხადა მეიდანზე მდებარე ერთ-ერთი კაფის მფლობელმა, ნინო ფრუიძემ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ საკითხს საკრებულოს მორიგ სხდომაზე დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებები ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და აბრებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობის შემთხვევაში, სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.