ევროსაბჭოს ადგილოვრივ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს მხარი დაუჭირა

718

ქართულმა დელეგაციამ სტამბულში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოს ანგარიშის პროექტი განიხილებოდა, მოხსენებით დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, ევროპის საბჭოს რეგიონთა პალატის წევრი – სტიუარტ დიქსონი წარსდგა.

დიქსონმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერების თავლსაზრისით საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

დელეგაციის წევრებმა კონგრესის მონიტორინგის წარმომადგენლებს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ამავე სხდომაზე, თამარ ტალიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ტალიაშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალურად ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, კონსტიტუციაში სუბსიდირების პრინციპების გაწერა, თვითმმართველი ორგანოების მუშაობის გამჭირვალობა და საქართველოს კანონმდებლობაში მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმების შეტანა მყარ საფუძველს ქმნის ადგილობრივ თვითმმართველობათა ფუნქციების განსაზღვრისა და მათი დამოუკიდებლობისთვის.

მისივე თქმით, ასეთი ცვლილებები მმართველი პარტიის- ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და სრულად პასუხობს მონიტორინგის კომიტეტის 334 რეკომენდაციას.

თამარ ტალიაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მიმართულებისთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

თამარ ტალიაშვილმა  ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს ხელისუფლების მიერ წამოწყებული დეცენტრალიზაციის ახალი ფაზა დაასახელა და განმარტა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება აღნიშნული დოკუმენტის დასრულება, რომელზე მუშაობაც სხვადასხვა უწყებების ჩართულობით მიმდინარეობს.

თამარ ტალიაშვილმა ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად განხორციელებულ სხვა მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნულ პროცესში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობას გაუსვა ხაზი.

,,მსურს მადლობა გადაგიხადოთ მონიტორინგის მისიის ანგარიშში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლის ხაზგასმისათვის.

ათეა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და შუამავალია ცენტრალურსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით მიმდინარეობს.

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რათა გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა იმ მიზნით, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს დემოკრატიული და ღირსეული მომავალი ევროპული ოჯახის შემადგენლობაში“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრები საქართველოში მონიტორინგის მისიის ფარგლებში მიმდინარე წლის აპრილში იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრები ათეა-ს პრეზიდენტთან – კახა კალაძესთან და აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს.

მისიის მიზანს ევროპის წევრ სახელმწიფოებში ადგილობრივი დემოკრატიის დონისა და ევროპულ ქარტიასთან ადგილობრივ თვითმმართველობათა შესაბამისობის განსაზღვრა წარმოადგენდა.

საქართველოს შესახებ ანგარიშის საბოლოო განხილვა მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.