ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და შანსი არ არის ვინმე მოვიდეს და აქ უნებართვოდ სახლები ჩადგას, – ამ სიტყვებით მიმართა სოფელ კუმისში შეკრებილ მოსახლეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა.
ჯამარაული კუმისში აქციის მონაწილეებთან მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად ჩავიდა.
“ეს მიწები 2008 წელს იყიდა ერთმა ქართველმა და ერთმა არაბმა ბიზნესმენმა, ეს არაბიც არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ გაასხვისეს. ყიდვაც სწორად შედგა და გაყიდვის პროცესიც კანონიერი იყო. ჩვენც ახლა კანონიერად უნდა შევძლოთ შევზღუდოთ ამ მიწის ნაკვეთში სახლების ჩადგმა. გპირდებით, გავერკვევით სიტუაციაში და უახლოეს დღეებში კიდევ ამოვალთ და დეტალურად გაგაგებინებთ ყველაფერს. კანონი კანონია, მაგრამ ხალხის ნებაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ არც კანონს დავარღვევთ და არც თქვენ დაგაზარალებთ,“- მიმართა კუმისელებს გოჩა ჯამარაულმა.
შეგახსენებთ, რომ კუმისის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. კუმისელები სოფელში ე.წ. არაბული სოფლის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის მიწები, რომელიც ადრე არაბებს სახნავ-სათესად ჰქონდათ შეძენილი, ახლა ინდივიდუალურად 500-500 კვადრატულ მეტრად დაიყო და სავარაუდოდ სახლების ჩადგმა იგეგმება.
“სულ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ აქ არაბების სოფელი უნდა გაშენდეს. ჩვენი სოფლის კუთვნილი მიწები უკვე შემოსაზღვრულია, ნაკვეთ-ნაკვეთ დაჰყვეს, ბოძებიც მოიტანეს. შემოსაზღვრულ ტერიტორიას კი ჩვენ საქონლის საძოვრად ვიყენებთ და სახნავ-სათესად. თუ საქონელს ამ მიწებზე ვერ გავუშვებთ და მოსავალს ვერ ავიღებთ, მაშინ ოჯახები როგორ ვარჩინოთ? არ დავუშვებთ ჩვენი მიწები არაბებს დავუთმოთ”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
კუმისელების განცხადებით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არაბებზე გაყიდული მიწები ადგილობრივებს არ დაუბრუნდებათ, ისინი გამოსვლებს არ შეწყვეტენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი