თბილისში მოძრავი კვების ობიექტების Food trucks-ის საპილოტე ინიციატივა ამოქმედდება. იდეა თბილისის მერიას ეკუთვნის. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ თქვა. ინფორმაციას IPN ავრცელებს.
“ვხედავთ, რომ ამ მიმართულებას პოტენციალი აქვს. მაგალითად, როდესაც თბილისი არენადან გამოდიხართ ღამე, სპორტის სასახლემდე, „მაკდონალდსამდე“, ფაქტობრივად, არც ერთი კვების ობიექტი არ არის. ამიტომ ჩვენი მიზანია, სატრანსპორტო ჰაბების ტერიტორიებზე გვქონდეს ეს კვების ობიექტები, მივცეთ საპილოტე ხასიათი, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, დავაწესოთ მინიმალური, მარტივი რეგლამენტი და დავაკვირდეთ ამ პროექტს 6 თვის მანძილზე”, – თქვა სერგი გვარჯალაძემ.
სერგი გვარჯალაძის თქმით, ასევე იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის გახანგრძლივება. კერძოდ, ღამით, მუნიციპალური ტრანსპორტი ივლისის ბოლოდან იმოძრავებს. ასევე თბილისის მერია „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, გლდანის რაიონის განვითარებას გეგმავს.