თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამით ივლისის ბოლოდან იმოძრავებს

741

თბილისში, ღამით, მუნიციპალური ტრანსპორტი ივლისის ბოლოდან იმოძრავებს. პროექტზე მომუშავე ჯგუფის იდეაა, ტრანსპორტმა 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრაოს. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„ჩვენი ინიციატივაა, რომ ტრანსპორტმა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იმოძრაოს ქალაქში – ბოლო წერტილები რომ იყოს მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „ვარკეთილი“. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელია ერთი გაბმული მარშრუტი იყოს. ამიტომ საჭირო იქნება გარკვეული ლოჯისტიკის შექმნა. უდავოა, რომ ტურისტული კერები უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს – მაგალითად, პირველი რესპუბლიკის მოედანი, თავისუფლების მოედანი. შემდეგ გვინდა რომ სანაპიროს გაუყვეს ეს მარშრუტი, აბანოთუბანში და ავლაბარში გაიაროს. მეტრო „ავლაბართან“ იქნება ერთ-ერთი ჰაბი; ამის შემდეგ დავუკავშირდეთ ვარკეთილს. იდეაა, რომ ტრანსპორტის ჩართვა მოხდეს იმ პერიოდში, როდესაც მეტრო აღარ იმუშავებს – 00:00-დან დილის 06:00 საათამდე მონაკვეთში“, – განაცხადა გვარჯალაძემ.

როგორც „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ხელმძღვანელი განმარტავს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს კვლევა და ტრანსპორტის ღამით მოძრაობა ივლისის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

„არ გვინდა სეზონი გამოვტოვოთ. ივლისის ბოლოს მაინც უნდა გვქონდეს გადაწყვეტილება მიღებული და დაიწყოს ტრანსპორტმა მოძრაობა და ოქტომბრამდე მაინც უნდა იმოძრაოს. ამასთანავე, ერთია სეზონი და მეორეა, კვირის რა დღეებში უნდა იმოძრაოს ტრანსპორტმა ღამით. როცა არ არის მოძრაობა, მოთხოვნა, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ იქნება დიდმა ავტობუსმა იმოძრაოს. ამიტომ თავიდან მხოლოდ პარასკევი, შაბათი და კვირით შემოვიფარგლებით“, – განაცხადა გვარჯალაძემ და დასძინა, რომ ღამით ტრანსპორტი ნახევარსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.