ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული პირებისთვის პროკურატურა 50-50-ათასიან გირაოს ითხოვს

796

წინა სტატია

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე პროკურატურამ პასუხისგებაში „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და ინჟინერი მისცა. ასევე ბრალი წაუყენა სარემონტო სამუშაოების პროექტის ავტორსაც.  ბრალდებულები არ დაუკავებიათ და პროკურატურა სასამართლოს მათთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.პროკურატურა თითოეული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.  ამის შესახებ ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ყვარელრემმშენის“ დირექტორსა და ინჟინერს ბრალი სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ წარმოებასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო აქვთ წაყენებული. ბრალის წაყენების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ექსპერტიზის დასკვნა გახდა.

სააგენტოს ცნობით, პროკურატურაში ასევე ცალკე წარმოებად რჩება ამავე ფაქტზე საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე საქმეც. როგორც ცნობილია, სარემონტო სამუშაობის ხარისხი მერიის სატრანსპორტო სამსახურს უნდა გაეკონტროლებინა. ამ ეტაპზე ამ კუთხით საგამოძიებო უწყებას პასუხისგებაში არავინ ჰყავს მიცემული.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ  მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე  კომპანიების “გეომეფი” და “ყვარელმშენის” რამდენიმე წარმომადგენელს ბრალი წარედგინათ. უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.