4-კაციანი ქალაქი, რომელიც კანადის ყველაზე მცირერიცხოვან დასახლებად ითვლება (ფოტო, ვიდეო)

2241
SONY DSC

ქალაქი თილთ ქოვე კანადაში მდებარეობს. ქალაქში ჯერ კიდევ 1901 წელს 1,370 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა, 1956 წლისთვის მოქალაქეთა რაოდენობა 57-მდე შემცირდა.

 

2016 წლის ოფიციალური მონაცემებით, თილთ ქოვეში მხოლოდ და მხოლოდ 4 ადამიანი ცხოვრობს და ამით ის კანადის ყველაზე მცირერიცხოვან ქალაქად ითვლება.

თილთ ქოვე 1813 წელს დაარსდა. მცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა თევზაობა იყო. 1857 წელს ქალაქის შემოგარენში სპილენძის მადნით მდიდარი საბადოები აღმოაჩინეს. სპილენძის მოპოვების პარალელურად, პოპულაციაც გაიზარდა, თუმცა, 1967 წელს წიაღისეულის მოპოვება შეწყდა. მიზეზი უბედური შემთხვევა იყო, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ამბის შემდეგ, მცხოვრებთა ნაწილმა ქალაქის სამუდამოდ დატოვება გადაწყვიტა.

დონ კოლინსი – ქალაქის მერი

BBC-ის ცნობით, დღეს ქალაქ თილთ ქოვეში 4 ადამიანი ცხოვრობს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთაგან ერთი, დონ კოლინსი ქალაქის მერია.

მიუხედავად 4-კაციანი მოსახლისა, ქალაქი უზრუნველყოფილია ფოსტის მიწოდების, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და გზების მოვლის სერვისით.

თილთ ქოვეს მუზეუმი

ადამიანები, რომელთა დამსახურებითაც თილთ ქოვე ჯერ კიდევ არსებობს, სახლში ფოტოებზე აღბეჭდილ ქალაქის ისტორიას ინახავენ. მათ გაკეთებული აქვთ მუზეუმიც, რომელშიც წარმოდგენილია როგორც ფოტოები, ასევე წიგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგალითად თეფშები, ჩაიდნები და ა.შ. ისინი თავიანთი ისტორიის შენახვას ცდილობენ და არ აპირებენ ქალაქის დატოვებას.