“მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, თბილისში მიტოვებული მშენებლობები ე.წ. ბომჟებისა და ნარკომანების თავშესაფრად არის ქცეული. აუცილებელია შეჩერებული მშენებლობების ნაწილის დემონტაჟი იმის გამო, რომ ისინი უსაფრთხო აღარ არის. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“მგონია, რომ რამდენიმე ობიექტის დემონტაჟი უნდა მოხდეს იმიტომ, რომ თავის დროზე კონსერვაციის რეჟიმი არ იყო დაცული და ახლა ის უკვე უსაფრთხო აღარ არის.
არ გინახავთ, რომ შეჩერებულ მშენებლობებში ე.წ. “ბომჟები” ცხოვრობენ? ეს არის გაურკვეველი ადამიანების – ლოთების, ნარკომანების და ა.შ. თავშესაფარი. ესეც იმ სამშენებლო და მიწის მფლობელის პასუხისმგებლობაა, რომ ეს ტერიტორია არ იყოს გაურკვეველი ადგილი, რომელიც ტუალეტად არის ქცეული და სადაც ნაგავი და შპრიცები იყრება.
შეჩერებული მშენებლობების პრობლემების მოგვარება 1-2 თვეში მოლაპარაკებებისა და ურთიერთობის საფუძველზე შესაძლებელია”,- განაცხადა როსტომაშვილმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, 20 ივნისს, თბილისის რაიონებში დაუმთავრებელი მშენებლობების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი შენობები “ანტისანიტარიის ბუდეა”. კალაძემ მის მოადგილეს, ილია ელოშვილს ამ საკითხის მოსაგვარებლად გეგმის წარდგენა დაავალა.
როგორც მოგვიანებით ილია ელოშვილმა თქვა, “დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობები გაგრძელდება, ან მათი დემონტაჟი განხორციელდება”.