თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობები გაგრძელდება, ან მათი დემონტაჟი განხორციელდება”, – განაცხადა ელოშვილმა.
როგორც ელოშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ დაუსრულებელი მშენებლობების სრული ინვენტარიზაცია ჩაატარა და ქალაქში ამგვარი მშენებლობა 170-ზე მეტია.
„ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქალაქისთვის. ის გახდა ანტისანიტარიის ბუდე და საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის. ამგვარად, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მფლობელებს, მეპატრონეებს, რომ ამ მშენებლობების განვითარება შეძლონ, ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა. ცენტრალური ხელისუფლებისგან გვექნება საშუალება, საგადასახადო შეღავათებზე, დღგ-ის კუთხით ვისაუბროთ, ჩვენ კი, შეგვეძლება შეღავათები ფართების დამატების კუთხით განვიხილოთ. შესაბამისად, არის რამდენიმე ღონისძიება და ინდივიდუალურად იქნება მოლაპარაკებები წარმოებული თითოეული ასეთი მშენებლობისთვის. მივიღებთ იმ ზომებს, რომელიც გონივრული და მისაღები იქნება“, – განაცხადა ელოშვილმა.
რაც შეეხება სამშენებლო ფართების მომატებას, როგორც ელოშვილმა განმარტა, ზოგ შემთხვევაში მშენებლობა რომ კომერციულად საინტერესო გახდეს, არის მოთხოვნა გაგრძელდეს მშენებლობა არა პირველად მოთხოვნილი სამშენებლო ფართით, არამედ, მომატებული ფართით.
„გარდა ამისა, შესაძლებელია დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლება, თუმცა გვინდა, რომ საკითხს კომპლექსურად შევხედოთ და ცენტრალურმა და ქალაქის მთავრობამ შეთანხმებულად იმოქმედოს და ყველა შესაძლებლობა, რომელიც გაგვაჩნია, სწორად და გონივრულად გამოვიყენოთ“, – განაცხადა ელოშვილმა.
გარდა ამისა, მერის მოადგილემ განმარტა, რომ დედაქალაქში 4 ტიპის გაჩერებული მშენებლობებია და თითოეულ მათგანთან სხვადასხვა მიდგომა იქნება.
„ერთია მშენებლობები, რომლებიც შეჩერებულია, მაგრამ მფლობელი ადგილზეა და ამასთანავე, არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც სურს მშენებლობების დასრულება. აქ მოლაპარაკებები შესაძლებელია და თითოეულ მათგანთან წავა ინდივიდუალური მოლაპარაკება. ასევე, არის მეორე ტიპის მშენებლობები, რომელიც ფინანსური პრობლემების გამოა გაჩერებული, აქ საჭირო იქნება თითოეული მათგანის განხილვა და განსაზღვრა რა შეუძლია ქალაქის მთავრობას, საშემოსავლო სამსახურს რომ სიტუაცია გამოსწორდეს. გარდა ამისა, არის იურიდიულ დავებში შესული მხარეები. აქაც იურიდიული კუთხით იქნება გადასახედი, რა შეიძლება გაკეთდეს. გარდა ამისა, არის მშენებლობები, რომლებსაც პატრონი არ ჰყავს. აქ საჭირო იქნება საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღება და შენობების დაკონსერვება, ან კერძო საკუთრების ხელყოფის გარეშე, დემონტაჟის განხორციელება“, – განაცხადა ელოშვილმა და დასძინა, რომ ყოველი მშენებლობის ნებართვის გაცემისას, მერიამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, გარკვეული პირობები წამოაყენოს, რომ ასეთი მშენებლობები დაუსრულებელ მშენებლობად არ გადაიქცეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის რაიონებში დაუმთავრებელი მშენებლობების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი შენობები “ანტისანიტარიის ბუდეა”.