კალაძე: დაუმთავრებელი მშენებლობები ანტისანიტარიის ბუდეა

973

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის რაიონებში დაუმთავრებელი მშენებლობების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი შენობები “ანტისანიტარიის ბუდეა”.

კალაძემ მის მოადგილეს, ილია ელოშვილს ამ საკითხის მოსაგვარებლად გეგმის წარდგენა დაავალა. მისი თქმით, ამ თემის შესახებ ის პრემიერმინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძესაც ესაუბრა, რომელმაც სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

“მე მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ცენტრალური ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის. თუ რაიმე არის მათი მხრიდან საჭირო რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ ეს პრობლემა, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას მოგვარდეს.  დაუმთავრებელი შენობები ყველა რაიონშია, სამწუხაროდ. ეს, ერთი მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის და, მეორე მხრივ, სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ბევრი ადგილი და ლოკაცია, სადაც უკვე მშენებლობა დაწყებული იყო, საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია და წლების განმავლობაში გაჩერებულია, ანტისანიტარიის ბუდედ იქცა” – განაცხადა კახა კალაძემ.