ახალციხეში ადგილობრივები დაზიანებული გზის გამო ჩივიან

617

ახალციხეში ადგილობრივები დაზიანებული გზის გამო ჩივიან. გზების მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია კი ორმოებს “ანაფრეზით” ავსებს. ქუჩებში სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაციისათვის მერია ახალი ტენდერის გამოცხდებას გეგმავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ქალაქ ახალციხის მცხოვრებელების თქმით, გზაზე გაჩენილი ორმოების გამო, ავტომანქანები ზიანდება, გადაადგილებოსას კი მძღოლებს პრობლემა ექმნებათ.

ახალციხის ქუჩებში არსებულ ორმოებს, “ანაფრეზით” კომპანია “ოცხე” ავსებს. “ორმოები რომ არ იყოს, დროებით ღონისძიებას ვატარებთ და ანაფრეზით ვავსებთ”, – განმარტავს კომპანიის დირექტორი ოთარ ჩილინგარაშვილი.

გზების სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის ახალციხის მერია ახალი ტენდერის გამოაცხადებას გეგმავს.

“კომპანია “ოცხე” მხოლოდ და მხოლოდ ქალაქში ახორციელებს მოფრეზვით სამუშაოებს და ორმულ შეკეთებას. კომპანიას არ აქვს ვალდებულება ასფალტის გადაგებაზე”, – ამბობენ ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამ ეტაპზე, შპს “ოცხე” ორმოებს „ანაფრეზით“რამდენიმე ქუჩაზე ავსებს. ესენია კოსტავას, თაბუკაშვილის, სულხან–საბას, ასპინძის, რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩები.

რა თანხა დაჯდება ქუჩების ორმული შეკეთება ცნობილი არ არის. მერიაში განმარტავენ, რომ ახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ, ახალციხის ცენტრალური ქუჩებზე გზის საფარი მთლიანად შეიცვლება.