ლაგოდეხში სოფლის განვითარების საპილოტე პროექტი გაიხსნა

827

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და ,,ლაგოდეხის განვითარების ჯგუფმა (LAG)’’, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით,  ოფიციალურად გახსნეს სოფლის განვითარების საპილოტე პროექტი ,,ლაგოდეხის N1 საბავშვო ბაღის ახალი აღჭურვილობა’’.

ღონისძიება  ქალაქ ლაგოდეხში, 2017 წლის 2 მაისს გაიმართა.

სოფლის განვითარების საპილოტე პროექტი ლაგოდეხში დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას  “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ახორციელებს.  პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობისა და გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში მოხდა ბაღისთვის საჭირო ინვენტარისა და ავეჯის შესყიდვა. ძველი ავეჯი ჩანაცვლდა ახლით. პროექტით საბავშვო ბაღის 130 აღსაზრდელი სარგებლობს.

2016 წელს, საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა საქართველოში იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი ორგანიზაციის ,,სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ მეშვეობით. შესაბამისად, გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს  მისი აღმატებულება, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ტოშიო კაიტანი, ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში’’ წარმომადგენლებთან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად.

ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.  2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს.  პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის