ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაპირისპირება და ხმაურია. ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ბესო ქათამაძეს და დავით მჟავანაძეს სამართალდამცველები თავიანთ კაბინეტებში არ უშვებენ.
ამასთან, ნაციონალების თქმით, მათ შიმშილობის დაწყების საშუალებასაც არ აძლევენ.
აქცია ოზურგეთის საკრებულოსთან რამდენიმე დღის წინ ნაციონალების წევრის და დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის გამო გაიმართა.
ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა. ოზურგეთის სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრს, ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
“ნაციონალური მოძრაობა” მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ ქათამაძე არა ერთმა, არამედ “ოცნების” მინიმუმ 5 დეპუტატმა სცემა.