თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით “გაუფრთხილდი ქალაქს”. როგორც კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციაზე თქვა, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტი რაიმე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს აკეთებს: აწყობს სკვერს, ხატავს გრაფიტებს, ჩამოყავს ახალი ავტობუსები, რომლებსაც შემდეგ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აზიანებს და ვანდალურად ექცევა.
კალაძის თქმით, ყველაფერი, რასაც მერია აკეთებს თითოეული ადამიანისთვის კეთდება. მისი განცხადებით, ქალაქის მოვლაში ყველა უნდა ჩაერთოს და პროექტიც სწორედ ამას გულისხმობს.
ახალი ინიციატივა ითვალისწინებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას.
კალაძის თქმით, ამ ყველაფრისთვის საჭიროა ისეთი სოციალური კამპანიის წარმოება, რომელიც მისი შინაარსით არა მარტო დააინტერესებს და მოხიბლავს საზოგადოებას, არამედ რეალურ გავლენას მოახდენს მის ცნობიერებაზე.
თავად პროექტს რაც შეეხება, დღეიდან (18 ივნისი) 9 ივლისის ჩათვლით, თბილისის მერია მიიღებს საკონკურსო პროექტებს, კონკურსის შედეგები კი ცნობილი არა უგვიანეს 30 ივლისისა გახდება.
ამ პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიაში იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მერიასთან ერთად იმუშავებს და მიიღებს ყველა იმ პროექტს, რომელიც სხვადასხვა სარეკლამო კომპანიიდან შევა. კომისია შემდეგ ამ პროექტებს განიხილავს.
კომისიის წევრები იქნებიან: დავით ბირმანი, ნანა ჯანაშია, ნინო ლომაძე, გიორგი პოპიაშვილი, გიორგი კალანდია, გიგა ხატიაშვილი, აკო ახალაია, გოგა ჩანადირი, გიორგი შარაშიძე, სოსო გალუმაშვილი, გიორგი კეკელიძე, თამარ ამაშუკელი, თინათი რუხაძე, ეკატერინე ჯოჯუა, ნინო ჩხობაძე, სერგო ყულიჯანოვი.