თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ

884

თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი არც ერთი მიკროავტობუსი (M2 კატეგორია) გაზზე აღარ მუშაობს. ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს.

“გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა – 101-ვე მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი. ეს ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს მოითხოვდა. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს.

სულ დედაქალაქში, საშუალოდ, 1800 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს.