თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას მხარი ერთხმად, 29 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა. საკითხი სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით თქვა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან თბილისის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მიზნობრივი ტრანსფერი მიიღო და დღეს თბილისის ბიუჯეტში ამ გადაწყვეტილების ასახვა მოხდა.
“მოგეხსენებათ, საკრებულოს წინა სხდომაზე ქალაქის მასშტაბით შვიდი ახალი ავტობუსის ხაზი დავამატეთ. შესაბამისად, საჭირო გახდა ბიუჯეტში იმ სუბსიდიების ასახვა, რომელიც უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით არის საჭირო. ამდენად, ეს არის ჩვენს ქალაქზე ორიენტირებული გადანაწილებები. დედაქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოების საწარმოებლად დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკითხის განხილვამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ საბიუჯეტო თანხები პროექტებზე არამიზნობრივად გადანაწილდა. საუბარი იყო მერიის სარეზერვო ფონდში გადარიცხულ 0,5 მლნ ლარზეც, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდის პრობლემაზე და ასე შემდეგ.
გიორგი ტყემალაძის თქმით, სხვა პროგრამებიდან თანხების გადანაწილების შედეგად, საბოლოო ჯამში, 16 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, ხოლო 2,8 მლნ ლარი უფასო მგზავრობისთვის.
ამდენად, თბილისის 2018 წლის წლევანდელი ბიუჯეტის მოცულობა 906,800 მლნ ლარია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 7 ახალ მარშრუტზე შემდეგი ნომერი ავტობუსები იმოძრავებენ: № 57 ნომერი კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მეტრო „ისნის“ გავლით მეტრო „სამგორამდე“ (1 ავტობუსი) იმოძრავებს
№ 58 — ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი);
№ 63 – მეტრო „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
№ 64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
№ 67 — მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
№ 74 — წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
№ 76 — მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსსი).