თბილისის საკრებულომ დედაქალაქის სამარშრუტო ხაზებისთვის დამატებით 25 ავტობუსის გამოყოფას მხარი დაუჭირა. საკითხი სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მერაბ მამულაშვილმა წარადგინა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“25 ერთეული შეკეთდა და გამოვყავით დამატებით მომსახურებისთვის, რადგან ზღვა მოთხოვნაა და გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნებოდით. შესაბამისად, ამ რესურსის საფუძველზე 7 ახალი მარშრუტი გაიხსნა, მათგან ორ მარშრუტზე 4-5 ავტობუსი ივლის, დანარჩენზე – თითო ერთეული. ამასთან, იყო მარშრუტები, რომლებიც გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა. ასეთი ოთხი ცვლილება განხორციელდა. თბილისის ზღვაზე ორი მარშრუტი თითქმის ერთმანეთს ფარავდა და გავაერთიანეთ. ასევე, 6 მარშრუტზე სამუშაო დღეებში ავტობუსების რაოდენობას თითო-თითო ერთეული დაემატა და სხვა”, – განაცხადა მამულაშვილმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 7 ახალ მარშრუტზე შემდეგი ნომერი ავტობუსები იმოძრავებენ: № 57 ნომერი კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მეტრო „ისნის“ გავლით მეტრო „სამგორამდე“ (1 ავტობუსი) იმოძრავებს
№ 58 — ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი);
№ 63 – მეტრო „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
№ 64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
№ 67 — მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
№ 74 — წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
№ 76 — მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსსი).