საგარეჯოს, თელავის, ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩევლელთა საბჭოები არ ფუნქციონირებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მუნიციპალიტეტების მერები ამბობენ, რომ სათათბირო ორგანოების ფორმირების პროცესი ივლისის ბოლომდე დასრულდება. როგორც თელავის მერმა განაცხადა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იქნება ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის. შოთა ნარეკლიშვილის მტკიცებით, ის საბჭოს წევრების ინიციატივებსა და მოსაზრებებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ მოქალაქეებს და მაქსიმალურად შევეცდებით, მათი მოსაზრებები გავითვალისწინოთ. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ. საბჭო უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
მოქალაქეების გარკვეული ნაწილი საბჭოს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ქალაქ თელავში მცხოვრები მაკა მოსიაშვილი ფიქრობს, რომ მერიის სათათბირო ორგანო იქნება დანამატი და მის შემადგენლობაში არ შეიყვანენ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს. მოსიაშვილი აპირებს, განცხადებით მიმართოს მერს, რათა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შევიდეს. მისი თქმით, თუ გახდება საბჭოს წევრი, უპირეველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს თელავის სამხატვრო სკოლის შენობიდან გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციის გამოსახლების საკითხზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. მერის სათათბირო ორგანოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები და სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.