თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისში დაიდგმება. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საპირფარეშოები 30 ადგილზე, მათ შორის ტურისტულ ზონებშიც გათავსდება. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.
საპირფარეშოებით მომსახურებისთვის თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე „მეტრომანითა“ და სხვა პლასტიკური ბარათებით.
„საპირფარეშოები ისე იქნება მოწესრიგებული, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებს, ექნება ავტომატური რეცხვა და ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება,“ – განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.
საპირფარეშოები შშმ პირებზეც იქნება ადაპტირებული. კომპანია “სითი ბოქს”, რომელსაც საზ. ტუალეტების განთავსების ვალდებულება აქვს, საპირფარეშოებზე უნდა გააკეთოს ბრაილის შრიფტით წარწერებიც. ამასთან, საპირფარეშო აღჭურვილი იქნება ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.
„ეს იქნება მზა კონსტრუქცია, რომელიც უკვე შეკვეთილია და უნდა ჩამოიტანონ. კონსტრუქციები იქნება ანტივანდალური, ანუ სპეციალური მასალით დამზადებული. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგებული და გამზადებულია და დადგმა სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება,“ – განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, ანტივანდალური და ავტომატიზირებული საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია, ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის
განმავლობაში 24-საათიანი რეჟიმით განახორციელოს.
საპირფარეშოს მომსახურების საფასური ჯერჯერობით ცნობილი არ არის.