ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ორმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა. კულტურის სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა მირანდა კუპრავამ და მაია მურუსიძემ მერიას უკანონო გათავისუფლების გამო უჩივლეს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
მირანდა კუპრავას განცხადებით, მისი უკმაყოფილების მიზეზი მერიის მიერ დაწერილი დახასიათება გახდა.
“როდესაც დაიშალა ჩვენი განყოფილება, შემოგვთავაზეს ა(ა)იპ-ში გადაყვანა, რაზეც უარი განვაცხადე. რაც მთავარია, მერიამ ცუდი დახასიათება მომცა, ვაჟა ჯუღელმა დაწერა, თითქოს მე ვიყავი კონფლიქტური და ამას აწერდა ხელს ნინო თვალთვაძე, თითქოს ეს იყო სწორი, რაზეც გამოვხატე პრეტენზია და მივმართე იურისტს, რომ ვიც-მერს ნინო თვალთვაძეს შეესწავლათ დახასიათება. თვალთვაძეს უნდა მოეთხოვა დამადასტურებელი ფაქტები. ჩემს პირად საქმეში უნდა ყოფილიყო, ისე მას არ ქონდა უფლება ჯუღელის სიტყვას დაყრდნობოდა. ამისთვის არსებობს პირადი საქმე. პირად საქმეში დევს, რომ ვაჟა ჯუღელს რამდენიმეჯერ დახასიათებით წარდგენილი ვყავარ პრემიაზე. თუ მე კონფლიქტი მქონდა ვინმესთან, გაფრთხილება უნდა მოეცათ, ან უნდა არსებობდეს რაიმე სახის სხვა დოკუმენტი, ანუ ალოგიკურია”, – ამბობს მირანდა კუპრავა.
ამასთან, კუპრავას თქმით, მის შემთხვევაში ასევე დაირღვა მარტოხელა მშობლის შესახებ კანონი. მისი თქმით, როდესაც მერია აცხადებს, რომ წელს პირველად მოხდა მარტოხელა მშობლის დეფინიცია ბიუჯეტში, არ უნდა ხდებოდეს მარტოხელა დედის სამსახურიდან გაშვება. მისი თქმით, სასამართლო პროცესი 18 ივნისს არის ჩანიშნული.
რაც შეეხება სამსახურის მეორე თანამშრომელს, სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს მაია მურუსიძეს, მისი პროცესი ჯერ არ არის ჩანიშნული.
მურუსიძის განცხადებით, მისი გათავისუფლება არაკანონიერად მოხდა. ის სამსახურში აღდგენას და განაცდურის გადახდას მოითხოვს. მურუსიძე ასევე განმარტავს, რომ მათი გათავისუფლება ანგარიშსწორებას უკავშირდება.
“გათავისუფლების მიზეზი უფრო იყო ანგარიშსწორება, მერი იყო განაწყენებული, ვინაიდან მას დაჭირდა მეორე ტური. ჩვენ რა შუაში ვიყავით იმასთან, რომ ის ვერ გავიდა პირველ ტურში? გვითხრეს, დაწერეთ განცხადებები წასვლაზეო, არ დავწერეთ განცხადება, ამიტომ სამსახური გააუქმეს. შემოგვთავაზეს ა(ა)იპ-ში გადასვლა, მაგრამ ააიპი არ არის საჯარო სამსახური, კანონით უნდა შეეთავაზებინათ საჯარო სამსახური, რომლის შესაძლებლობაც იყო, თუმცა შეთავაზება არ მომხდარა”, -აცხადებს მაია მურუსიძე.
მერიის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ირაკლი კიკვაძემ, რომელმაც სასამართლოს მიმართა, დავა მოიგო.