ვაშლიჯვარში, მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში განაცხადეს, მუნიციპალიტეტი ქალაქში საავტომობილო მოძრაობის შემცირებას ელოდება, რის შემდეგაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზე შესაბამის დავალებას გასცემს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
“ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე, ერთი ესტაკადის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, მეორე მშენებლობის ამ ეტაპზე დაწყება, ქალაქში გადაადგილებას კიდევ უფრო გაართულებს, ამიტომ ველოდებით, რომ ავტომანქანების რაოდენობა შედარებით შემცირდეს”, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ტენდერში, რომელიც ესტაკადის მშენებლობისთვის მერიამ გამოაცხადა, კომპანია “ენსისიმ” გაიმარჯვა. პროექტზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.