“გარინჩა” დაობლებული დათვის ბელია, რომელიც ცაგერიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩამოიყვანა და თბილისის ზოოპარკს მიაბარა.
დათვის ბელი ზოოპარკში ტრავმირებული მიიყვანეს, ის თათს საერთოდ ვერ იყენებდა, რის გამოც მას ლეგენდარულ ბრაზილიელი ფეხბურთელის, გარინჩას სახელი დაარქვეს.
გარინჩაზე ექიმები ამბობდნენ, სიარულს თუ შეძლებს, უკვე დიდი ბედნიერება იქნებაო.
“ჩვენი გარინჩაც არც ისე იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ფეხის გარდა ნერვული პრობლემებიც ჰქონდა. უკანა ფეხებზე რომ დგებოდა, თავი უკანკალებდა. შეშინებული და დასტრესილი იყო. გალიიდან საერთოდ არ გამოდიოდა. ადამიანებს უფრთხოდა და იმალებოდა. თავიდან მის სასეირნოდ გამოტყუებას საათები სჭირდებოდა. მერე ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა. ცოტა ხანში სხვა ბელებთან თამაშიც დაიწყო”, – აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.
აღსანისნავია, რომ საბოლოოდ, ბრაზილიელი გარინჩა ყველა დროის საუკეთესო გარემარბი გახდა ფეხბურთის ისტორიაში.
“ჩვენი გარინჩა უკვე მარჯვენა გარემარბიცაა, მარცხენაც, მეკარეცაა და თავდამსხმელიც. ყველაზე ყოჩაღი და გონიერი ბელია მთელ ვოლიერში. დარბის, დაცოცავს, დაძვრება და დამალულ სასუსნავებსაც პირველი პოულობს”,- ამბობენ ზოოპარკში.