თბილისში ტექსტილის ახალი საწარმო გაიხსნა. შპს „ტიფლის ტექსტილი“, რომელიც წინდებს აწარმოებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. საწარმო თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი და მასში 50 ადამიანია დასაქმებული.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების, ევროპული დონის საწარმო შეემატა. ეს არის მნიშვნელოვანი თითოეული დასაქმებული ადამიანისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო კომპანიას და იმედი გამოვთქვა, რომ თბილისში კიდევ ბევრი წარმატებული საწარმო გაიხსნება”,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.