ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

718

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე მყოფმა მეშახტემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ოთხი მეშახტე შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტყიბულში სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ.

“რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მოხდა უბედური შემთხვევა. ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით ტყიბულში დაუყონებლივ გაემგზავრნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. დეტალები ზუსტდება და როგორც კი გვექნება ტყიბულიდან დამატებითი ინფორმაცია, დაუყონებლივ მოგაწვდით”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა.

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისა უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თბილისიდან ტყიბულში უკვე გაემგზავრნენ სამთო მაშველთა ჯგუფის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

წყარო: ინტერპრესნიუსი