სეისმოლოგ თეა გოდოლაძის განცხადებით, თბილისში არსებულ მეწყერსაშიშ ზონებში სამშენებლო კომპანიები და კერძო პირები მერიას მშენებლობების ნებართვის გაცემას სთხოვენ, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, იმ კვლევის თანახმად, რომელიც სეისმოლოგიური ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს და რომელიც თვენახევრის წინ მომზადდა, თბილისში განსაკუთრებით მეწყერსაშიშ ზონებს განეკუთვნება ვერეს ხეობა, ვარაზის ხევი, ლეღვთა ხევი და ჟვანიას ქუჩის ფერდი.
სეისმოლოგის განცხადებით, ამ ადგილებში მეწყერის საფრთხე დიდია. თეა გოდოლაძე ხელისუფლებას მოუწოდებს , არ გაიცეს ამ ტერიტორიებზე მშენებლობების ნებართვა. მისივე თქმით, განსაკუთრებით საშიშია, მდინარე ვერეს ჭალაში მშენებლობების განხორციელება.
ექსპერტის შეფასებით, ხშირი ნალექის ან მიწისძვრის შემთხვევაში ამ ტერიტორიების დამეწყრის საფრთხე დიდია. გოდოლაძის ინფორმაციით, თბილისში არსებულ მეწყერსაშიშ ზონებში მერიისგან მშენებლობის ნებართვის გაცემას რამდენიმე სამშენებლო კომპანია და კერძო პირები ითხოვენ, რაც მისი თქმით დაუშვებელია.