თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 125 მიმდინარე, 150 დაბლოკილი, 8 განსახილველი, 440 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.
ერთ-ერთი იდეის ავტორი “სიცოცხლის ქალაქის სიმბოლო – დიდი ქვიშის საათი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანზე (ყოფილი ვარდების მოედანი)” პროექტის განხილვას ითხოვს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, აღნიშნულ იდეას 3141 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია შოთა მოდებაძის იდეა განიხილოს.
“თბილისის, როგორც სიცოცხლის ქალაქის სიმბოლური გამოხატვის მიზნით კარგი იქნებოდა დიდი ქვიშის საათი დაგვედგა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანზე (ყოფილი ვარდების მოედანზე), რომელსაც ქალაქის მერი გადაატრიალებდა ყოველ ახალ წელს, ზუსტად 12:00-ზე. მომდევნო წლის მიზნებისა და ამოცანების გაჟღერებასთან ერთად. ეს ტრადიციად იქცეოდა.
ქვიშის საათი დროს ზომავს პროცენტებში, და ამიტომ შესაძლოა გამოსახოს სიმბოლურად რომ ბევრი გვაქვს მოსაწრები და რომ ‘სოჩიკი ჩაირთო”.
ქვიშის საათის დიაგრამა დაყოფილი უნდა იყოს კვირეებად, რომ ყველა გამვლელმა იცოდეს რამდენი კვირა დარჩა წლის ბოლომდე, და რამდენი რამე აქვს მოსასწრები.
ზოგადად, ეს ხალხის მოტივაციისთვის ძალიან კარგი რამე იქნება, თუ მოვუწოდებთ, რომ ყველამ მოიფიქროს მომდევნო წლისთვის რის გაკეთებას აპირებს. თუნდაც მომდევნო წლის “სურვილები ჩაიფიქრონ” ახალი წლის დასაწყისში”,- აღნიშნავს პროექტის ავტორი, შოთა მოდებაძე.
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.