გაგრძელდება თუ არა ყიფიანისა და ჭონქაზის ქუჩაზე, კლდის ჩამონგრევის შედეგად შეწყვეტილი სასტუმროს მშენებლობა, უახლოეს ერთ თვეში გაირკვევა. როგორც სამშენებლო კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ“ გრუპის ხელმძღვანელმა, ბეჟან წაქაძემ თქვა, ამ დროისთვის კლდის ჩამონგრევის ფაქტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები სწავლობენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ექსპერტები საბოლოო დასკვნებს თვის ბოლომდე დადებენ, თუმცა კომპანიის დირექტორის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კლდის ჩამოშლის მიზეზი წვიმა და სტიქიური მოვლენები გახდა.
მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიას სასტუმროს ასაშენებლად დამოუკიდებელი გეოლოგიური ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა ჰქონდა მერიაში წარდგენილი, თუმცა მომხდარის გამო ის ხელახალ შესწავლას საჭიროებს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში ლოკალიზაციის, გეოლოგიისა და გამაგრებითი პროექტის შესახებ დადებენ დასკვნებს, რომლებიც შემდეგ მერიის შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნებათ.
მთაწმინდაზე კლდე ჩამოიშალა. ინციდენტი ყიფიანის ქუჩაზე 31 მაისს მოხდა.