გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უცვლელი სლოგანით – ,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ 5 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის სპეკტაკლით „როგორც გენებოთ“ გაიხსნა.
გორის მერიის ცნობით, კომედიის ფესტივალისთვის 2018 წელი მნიშვნელოვანია, კერძოდ, საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა.
მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია. მიმდინარე წლიდან მათ შორის ადგილი საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა.
გორის მერიის ინფორმაციით, კომედიის ფესტივალი იმართება, მხოლოდ ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.
ფესტივალი 16 ივნისს იხურება. მასში მონაწილეობას მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, ფოთის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის და მოზარდმაყურებელთა თეატრები იღებენ.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი Black Box-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს სპექტაკლი უშუალოდ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად განიხილოს.
კომედიის ფესტივალი კომედიური ჟანრის პოპულარიზაციისა და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით 2014 წელს დაარსდა.