თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს საცხოვრებლით დააკმაყოფილებს

1410

თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მოძიებულია 16 ჰა მუნიციპალური მიწის ნაკვეთები და პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. მერია მოიძიებს დამატებით მუნიციპალურ მიწებსაც, სადაც დაზარალებულებისთვის სახლები აშენდება.

“90-იანი წლებიდან მოყოლებული, 3 ათასზე მეტი ოჯახი წარმოადგენს დაზარალებულებს, რომლებმაც, თავის დროზე, სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა, სახელმწიფომ ვერ შეძლო მშენებლობა და მას ეს ვალი აღიარებული აქვს. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში, თუ როდის მიიღებენ ბინებს. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც ამ ოჯახებისთვის სახელმწიფოს საცხოვრებელი სახლები უნდა აეშენებინა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში პრივატიზებული იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც სრულიად უგულვებელყოფილი იქნა დაზარალებულებული ოჯახების ინტერესები. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მერობის პირობებში, ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვაროთ”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება პირობებს, რომლითაც დაზარალებულებს ბინები გადაეცემათ, მერიის ინფორმაციით, შემუშავდა რიგითობის ობიექტური პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე, დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები, ხოლო შემდგომ, ამავე პრინციპის მიხედვით – დანარჩენები. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სოციალური სარეიტინგო ქულა, მათ შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებას.

დედაქალაქის მერის თქმით, იმისათვის, რომ პროექტის მართვა სამართლიანად და ეფექტურად განხორციელდეს, დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტულ გარემოში მოხდება. ერთადერთი კრიტერიუმი კი იქნება ის, თუ ვინ მეტი დაზარალებულის დაკმაყოფილებას შეძლებს.