კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები პარლამენტს, მთავრობასა და თბილისის მერიას პეტიციით მიმართავენ

720

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და თბილისის მერიას სპეციალური პეტიციით მიმართავენ და ითხოვენ სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობისთვის ვალის გასტუმრების წესის შემუშავებას და 1998 წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომელიც აღიარებული ვალის გადახდას ეხება.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრ “ერთობის” წარმომადგენელმა, ლაშა გეგეჭკორმა განაცხადა, ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია, ხოლო მის განსახილველად საქართველოს 5000-მდე მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო.

“კოოპერატიულ ბინათმშენებლობათა დაზარალებულთა პრობლემა შიდა ვალად სახელმწიფომ 1998 წელს აღიარა. ამავე წელს დაევალა ფინანსთა სამინისტროს, შეემუშავებინა ვალის დფარვის წესი და წარედგინა საქართველოს პარლამენტისთვის, თუმცა, ეს წესი არ შეიმუშავა. 7500 დაზარალებულია საქართველოს მასშტაბით. ნელ-ნელა რომ დაიწყებულიყო ამ პრობლემის მოგვარება, ფინანსთა სამინისტროს რომ აღებული პასუხისმგებლობა შეესრულებინა, ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა. მე ვფიქრობ, შეგნებულად ხდება ამ წესის იგნორირება, რათა არ დაიწყოს სახელმწიფოსგან დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილება. ჩვენ შევადგინეთ პეტიცია და 5000 ხელმოწერის შემთხვევაში, აღნიშნული პეტიცია წარედგინება საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და თბილისის მერიას”, – განაცხადა ლაშა გეგეჭკორმა.