თბილისის საკრებულომ თბილისის ზღვაზე “ჯინო ფერედაისის” მიმდებარედ, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. სხდომაზე საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.
საკითხი განსახილველად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ გამოიტანა. მისი თქმით, “ჯინო ფერედაისის” აკვაპარკის მიმდებარედ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, სასტუმრო, კაფე-ბარი, სკოლამდელი დაწესებულება და სხვა მრავალფუნქციური ობიქტები აშენდება. ნესტან ადვაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმა აკვაპარკის განვითარებას ითვალისწინებს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კი, საკითხის თბილისის მერიის ზონალურ საბჭოში დაბრუნებას ითხოვდნენ, რათა მოხდეს იმ შენიშვნების გათვალისწინება, რომელიც თბილისის გენერალური განვითარების გეგმის ავტორებს ამ პროექტთან დაკავშირებით აქვთ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ საკითხის დამტკიცების კიდევ ერთი კვირით გადადების აზრს იგი ვერ ხედავს. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობის” წევრ მარიკა დათუკიშვილსა და უმრავლესობის წევრს, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძეს შორის.
წყარო: ინტერპრესნიუსი