ზუგდიდში, “ერთი თბილი ოთახის” პროგრამაში, 10 ოჯახი ჩაერთვება

687

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, “ერთი თბილი ოთახის” პროგრამაში 10 ოჯახი ჩაერთვება. ინფორმაციას ზუგდიდის გამგეობა ავრცელებს.

კომისიამ პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებისა და ვიზუალური (ფოტო) მასალის განხილვის შედეგად გამოავლინა.

კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალისტთა ჯგუფები, რომლებიც პროგრამაში ჩართულ ოჯახებს ესტუმრებიან და კეთილმოსაწყობ ოთახებს შეისწავლიან.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ წელს “ერთი თბილი ოთახის” პროგრამაში ჩართვის მსურველთა 73 განცხადება მიიღო. კომისიის წევრებმა ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმეს და ოჯახების ანკეტები შეავსეს.

“ერთი თბილი ოთახი” ზუგდიდის გამგეობის ახალი პროექტია, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.