კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი პანკისის ხეობაში, ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკის მოწყობას გეგმავს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
რეგიონული განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის, იზა ბექაურის განცხადებით, პროექტის „პანკისელი ახალგაზრდების გაძლიერება ცვლილებისათვის“ ფარგლებში საზაფხულო ბანაკში გაიმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიება.
„პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარება პანკისის ხეობაში, ასევე ქისტი და ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაცია. საზაფხულო ბანაკში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები – ფილმის ჩვენებები, სპორტული ღონისძიებები, სპიკერების მოწვევა თბილისიდან და დისკუსიები”, – აცხადებს იზა ბექაური.
პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის ფარგლებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.