თბილისში პროექტის – “ქალაქი-ბიბლიოთეკა” განხორციელება დაიწყო. პრიექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
“ქალაქი-ბიბლიოთეკა” ელექტრონული წიგნების სახლის – “საბა”, თბილისის მერიისა და პრეზიდენტის ფონდის ერთობლივი პროექტია.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან, სტენდზე დატანილი QR კოდის მეშვეობით, უფასოდ ჩამოტვირთოს “საბას” ელექტრონული და ხმოვანი წიგნები სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.
ორგანიზატორებმა პროექტის განხორციელება ქართველი მწერლების სახელობის ქუჩებით დაიწყეს და ამ ეტაპზე, 50-მდე მწერლის სახელობის ქუჩაზე, მათი ნაწარმოებების ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე განათავსეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორიგინალური კონსტრუქციების მონტაჟი დასრულებულია ქალაქში არსებულ 12 სკვერშიც და მალე ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც გახდება ხელმისაწვდომი.
იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა QR კოდის მეშვეობით წიგნი უფასოდ ჩამოტვირთოს, სმარტფონში უფასო აპლიკაცია – Saba Reader უნდა დააყენოს და, მასში არსებულ QR ღილაკზე დაჭერით, დაასკანეროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დატანილი QR კოდი. სასურველი წიგნი მომხმარებლის პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში 1 წამში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებს.