მეტრო ,,ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი რეკრეაციული ზონის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა. ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, შადრევანი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები და კიბეები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური გაზონი და დაირგო 800 ძირი მარადმწვანე ბუჩქი. გამგეობის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აღდგება შადრევანიც. დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობაც. სკვერის განახლებაზე 150 000 ლარი დაიხარჯა.
ამავე რაიონში, ასევე, დასრულდა გურამიშვილის გამზირზე ოთხკილომეტრიანი გზისგამყოფი ზოლის რეაბილიტაცია. გამგეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 16 სახეობის 18 200 ძირი მცენარე.