თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლების მიერ დასუფთავდა მეველის ქუჩა და მეტროსადგურ “სამგორის” მიმდებარე ტერიტორია. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.
როგორც უკვე ცნობილია, ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში, შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.
გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.
თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერია იუწყება, ანალოგიურ ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებას აღარ მისცემს.